თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ინსტალაცია-პერფორმანსი - „მედეას ბურკა“ გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.
ექსპოზიცია მოიცავს პერფორმანსს, ინსტალაციას, ვიდეო ნამუშევარს, სკულპტურას, პიესა-საინტერპრეტაციო ტექსტს და მუსიკას.
არსებული ინფორმაციით, „მედეას ბურკა“ წარმოდგენილი იქნება ოთხ სივრცეში. სტუმრები დღის განმავლობაში შეძლებენ დაათვალიერონ ექსპოზიციის ნაწილი, საღამოს კი დაესწრონ ინსტალაცია-პერფორმანსს.
„მედეას ბურკა“ წარმოადგენს მედეას ახლებურ გააზრებას, რომელიც ეყრდნობა თანამედროვე, ბერძენი დრამატურგის ანდრეას ფლურაკისის ამავე სახელწოდების მონოპიესას. ექსპოზიცია-პერფორმანსის მთავარი კონცეფცია მედეას და მედეას ბურკის სხვადასხვა სტიქიებით გააზრებას მოიცავს. მედეა როგორც სტიქია და სტიქიები (მიწა და წყალი) როგორც მედეას ბურკა“, - ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.
პროექტზე რეჟისორი იოანე (ვანო) ხუციშვილი და მხატვარი შოთა ბაგალიშვილი მუშაობდნენ. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებს გიორგი ჯიქია. პერფორმერი ენდი ძიძავაა, ხოლო თარგმანი სოფიო შამანიდის ეკუთვნის.
ექსპოზიცია-პერფორმანსი 22 აპრილამდე გასტანს.
წყარო - საქართველოს ეროვნული მუზეუმი