გაძვირებული ბინები: თსუ სტუდენტებს საცხოვრებელს გამოუყოფს

Sputnik
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ სტუდენტებისთვის დამატებითი საცხოვრებლების გამოყოფა გადაწყვიტა ლისის ტბისა და ბაგების კამპუსებში, იუწყება „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, უნივერსიტეტმა ეს გადაწყვეტილება ბინებზე მომატებული ფასების გამო მიიღო.
ბინებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო საცხოვრებლის ყიდვა-გაქირავებაზე ფასები საქართველოში მკვეთრად გაიზარდა. ბევრი მოქალაქე სოციალურ ქსელებში ჩივის, რომ ბინების მეპატრონეებმა საგრძნობლად გაზარდეს ქირა და იძულებული არიან, ახალი საცხოვრებელი ეძებონ.
თბილისში, ლისის ტბის ფერდობზე მდებარე 320-ადგილიანმა კამპუსმა პირველი სტუდენტები 2017 წელს მიიღო. ე.წ. საერთო საცხოვრებელი აშენებულია და აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შედგება ადმინისტრაციული შენობისა და სამი საცხოვრებელი კორპუსისგან, სადაც განთავსებულია სასტუმროს ტიპის ბინები.
ბაგების კამპუსი, რომელიც 2018 წელს გაიხსნა, აკმაყოფილებს მაღალ ევროპულ სტანდარტებს — აქვს საერთო და ინდივიდუალური ოთახები, სამზარეულოები, დასასვენებელი ზონები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, საცურაო აუზი და სხვ.