ქოლ-ცენტრების საქმე: სასამართლომ 11 ბრალდებული დამნაშავედ ცნო

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ უცხო ქვეყნის 30 მოქალაქის კუთვნილ თანხებს.
Sputnik
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 11 პირი დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ისრაელის მოქალაქემ შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რის შემდეგაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი თანხების დაუფლების მიზნით დაუკავშრდა საქართველოს ორ მოქალაქეს და თბილისში მოაწყო ე.წ. ქოლ-ცენტრი. აღნიშნულმა პირებმა ჯგუფის საქმიანობაში ეტაპობრივად ჩართეს უცხო ენების მცოდნე პირები.
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უკანონოდ მოპოვებული პერსონალური მონაცემების გამოყენებით სისტემატურად უკავშირდებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და სთავაზობდნენ კრიპტოვალუტის უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენას. დაინტერესების შემთხვევაში მათ დისტანციურად არეგისტრირებდნენ შესაბამის ვებ-გვერდზე, რის შემდგომაც მათივე სახელით ახორციელებდნენ კრიპტოვალუტის შეძენას, რა დროსაც უზრუნველყოფდნენ გადახდილი თანხის შესაბამისი ელექტრონული ვალუტის არა დაზარალებულის, არამედ ორგანიზებული ჯგუფისთვის ხელმისაწვდომ ანგარიშებზე ასახვას.

„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ უცხო ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, ავსტრიის, ჩინეთის, ნიდერლანდისა და ნორვეგიის ათეულობით მოქალაქის კუთვნილ, დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ჯამში 700.300 ევროს და 4.800 აშშ დოლარს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა და წევრების ნაწილმა მოახდინეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია – შეიძინეს ძვირადღირებული სატრანსპორტო საშუალებები და უძრავი ქონება, რაც გამოძიების მიერ უკვე დაყადაღებულია. გატარებული ღონისძიებების შედეგად ასევე მოძიებულია და ყადაღა დაედო საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებსაც.
პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ დანაშაულის ორგანიზატორს შვიდი წლით პატიმრობა შეუფარდა. მას ასევე დაეკისრა ჯარიმა და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა 380 ათას ლარად შეფასებული სამი ავტომანქანა, კომპიუტერული ტექნიკა, საბანკო ანგარიშებზე არსებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხები – 467.341 ევრო და 123.854 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალდებებში სრულად ცნო დამნაშავედ დანაშაულებრივი დაჯგუფების 10 წევრი. მათ სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ ჯამში 549.062 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება: სამი საცხოვრებელი ბინა, ორი მიწის ნაკვეთი და ორი ავტომანქანა. ასევე დაეკისრათ ჯარიმა 510.000 ლარის ოდენობით.
ჯამში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩამოერთვათ 2.625.263 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება და თანხები.
პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულ გერმანიის, ავსტრიის, ჩინეთის, ნიდერლანდისა და ნორვეგიის 30 მოქალაქეს სრულად აუნაზღაურდება დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მათთვის მიყენებული მატერიალური ზიანი.