თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად კულება საკუთარ Twitter-ის გვერდზე ავრცელებს.
კულებამ საუბრის შემდეგ კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ დარჩიაშვილმა ის საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერაში დაარწმუნა.
„[ილია დარჩიაშვილმა] საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერაში დამარწმუნა. მადლობა მას, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლას“, — აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საუბრის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
მანამდე დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოსგან ელოდება „ოფიციალურ მტკიცებულებებსა და დამაჯერებელ არგუმენტებს“ იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთში საქონლის კონტრაბანდისთვის არ გამოიყენება.
ამის პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრალდების მტკიცებულებები თავად უკრაინამ უნდა წარმოადგინოს, ან უარყოს აღნიშნული ბრალდება, რომელიც, მათი თქმით, აბსურდულია.