თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ საკუთარი პერსონალური და ფინანსური, მათ შორის საბარათე მონაცემების გაზიარებისას, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბანკის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, დაფიქსირებულია არაერთი შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები სხვადასხვა მობილური აპლიკაციის (მაგალითად, WhatsApp) მეშვეობით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და მათ სხვადასხვა ვებ-გვერდზე გასაყიდად განთავსებული ნივთების ფოსტით გაგზავნას სთავაზობდნენ აღნიშნული ნივთის საფასურის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვის/გადახდის შემდეგ.
აღნიშნული პირები მომხმარებლებს უგზავნიდნენ ვებ-გვერდების ბმულებსაც და მათზე ბარათის და/ან სხვა პირადი მონაცემების შევსებას სთხოვდნენ. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი პირად და/ან საბარათე მონაცემებს შეიყვანდა შეთავაზებულ ბმულზე, უცნობ პირებს მის საბანკო ანგარიშებზე წვდომის საშუალება ეძლეოდათ, რის შედეგადაც მომხმარებლები ფინანსურად ზარალდებოდნენ.
აღნიშნული სქემა ინტერნეტ-თაღლითობის ერთ-ერთ გავრცელებულ სახეს, ე.წ. ფიშინგს წარმოადგენს.
„საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ საკუთარი პერსონალური და ფინანსური, მათ შორის საბარათე მონაცემების გაზიარებისას, აღნიშნული ინფორმაცია არ შეიყვანონ უცნობი პირებისგან მოწოდებულ საეჭვო ვებ-გვერდებზე და არ სცადონ საბანკო/საბარათე ოპერაციების განხორციელება“, — ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით პერიოდულად აწვდის მომხმარებლებს გამაფრთხილებელ თუ საგანმანათლებლო ინფორმაციას ფინანსური თაღლითობის გავრცელებულ სქემებთან დაკავშირებით. მსგავსი შინაარსის მასალები განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ და ფინანსური განათლების ვებ-გვერდებზე.