თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. უკრაინელების მიერ ქიმიური ნივთიერებებით სავსე კონტეინერების აფეთქებასთან დაკავშირებული ინციდენტები ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW) უნდა განიხილოს, განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა OPCW-ში ალექსანდრ შულგინმა.
„CWC-ის დებულებების მიხედვით, ნებისმიერი ქიმიკატი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი, ქმედუუნარობა ან მუდმივი ზიანი, არის ქიმიური იარაღი, თუ იგი კონვენციით აკრძალული მიზნებისთვის იქნება გამოყენებული. ამასთან დაკავშირებით, ასეთი ინციდენტები შეიძლება მოხვდეს CWC-ის მოქმედების ქვეშ და უნდა განიხილებოდეს OPCW-ში“, - თქვა შულგინმა.
მანამდე, 9 აპრილს, ლუგანსკის სახალხო მილიციის ინფორმაციით, ქალაქ რუბიჟნოეში, ქიმიური საწარმოს ტერიტორიაზე აზოტის მჟავით სავსე ცისტერნა აფეთქდა, რის შედეგადაც ტოქსიკური ნივთიერებები გამოიფრქვა. მათივე ცნობით, ქარხნის ტერიტორიაზე რჩება 40 ათას ტონაზე მეტი ქიმიური ნივთიერებები, „რომელთა შესაძლო აფეთქება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს რეგიონის ეკოლოგიას, გაანადგურებს სიცოცხლეს 30 კმ რადიუსში და ასევე საფრთხეს შეუქმნის 300 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს, რომლებიც ცხოვრობენ ლისიჩანსკში, სევეროდონეცკში, ზოლოტოისა და სევერსკში“.
10 აპრილს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა გასცა დავალება რუბიჟნეში ქიმიური ნივთიერებების შემცველი ცისტერნის მორიგი აფეთქების გარემოებების გამოძიების შესახებ.
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW) 12 აპრილს განაცხადა, რომ შეშფოთებულია უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ბოლო დაუდასტურებელი ცნობებით. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ტექნიკურმა სამდივნომ მიიღო შეტყობინებები როგორც რუსეთიდან, ასევე უკრაინიდან ტოქსიკური ქიმიკატების იარაღად გამოყენების საფრთხის შესახებ და მოთხოვნისთანავე გადასცა იგი OPCW-ის 193 წევრ სახელმწიფოს.
მანამდე უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ მარიუპოლში სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მანამდე არ გამორიცხა, რომ უკრაინელი სამხედროები დასავლური სპეცსამსახურების პირდაპირი მხარდაჭერით ახალ პროვოკაციებს მოაწყობდნენ მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენებით და თავიანთ ქმედებებს რუსეთს მიაწერდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინელებმა „არაადამიანური პროვოკაცია“ მოამზადეს ავდეევკის მიმდებარე ტერიტორიებზე მოსახლეობის ქიმიური ნივთიერებებით მასობრივი მოწამვლის მიზნით, ხოლო უკრაინის სპეცსამსახურები ხარკოვის რეგიონში 120 ტონა ქლორის შემცველი საწყობის აფეთქებას გეგმავენ, რათა მოგვიანებით ეს რუსეთს დააბრალონ.