სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყურძნის სუბსიდირების შეწყვეტას აპირებს

სუბსიდირების პროგრამის წყალობით ფერმერები გარკვეული ჯიშის ყურძენს საბაზრო ფასთან შედარებით უფრო მაღალ ფასში აბარებდნენ
Sputnik
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. სახელმწიფოს ყურძნის მოსავლის სუბსიდირების შეჩერება სურს, ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.
ყურძნის სუბსიდირება არის სამთავრობო პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ფერმერებს გარკვეული ჯიშის ყურძენი საბაზრო ფასზე უფრო ძვირად გაყიდონ.

„დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ მეწარმეებთან. იცით, რომ რთველი ყოველ წელს არის გამოწვევა, ყოველ წელს გვიწევს ჩარევა. გვინდა იმ პროცესიდან გამოსვლა, რასაც სუბსიდია ჰქვია და ეს სწორი იქნება. თუმცა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ალბათ გაგვიჭირდება ამის გაკეთება. ფერმერებს არ დავტოვებთ ამ პროცესში მარტო“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება სუბსიდირების შესახებ მოგვიანებით იქნება მიღებული.
ფერმერთა მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობა ყურძნის ორი ჯიშის – „რქაწითელისა“ და „კახური მწვანის“ სუბსიდირებას ახორციელებდა. სუბსიდირებაზე 100 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.