რისთვის ემზადება ოპოზიცია? გამოძიება შეიძლება ბაკურიანში შეხვედრით დაინტერესდეს

Sputnik
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საგამოძიებო ორგანოები ბაკურიანში გამართული რიგი ოპოზიციური პარტიების შეხვედრით დაკავდნენ.
კობახიძის მტკიცებით, შეხვედრის მიზანი ქვეყანაში რევოლუციური სცენარის შემუშავება იყო.
12 აპრილს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიქირავეს უცხოელი ტრენერი, რათა მოამზადონ საქართველოში სიტუაცია, რომ მოხდეს ხელისუფლების დამხობა.

„თუ ამ პოლიტიკურ დანაშაულში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, მაშინ, რა თქმა უნდა, შეიძლება გამოძიება დაიწყოს. ეს შესაბამისი საგამოძიებო უწყებების პრეროგატივაა“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ღონისძიების მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ შეიკრიბნენ პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები. თუმცა, კობახიძის განმარტებით, ამ დრომდე ისინი შეხვედრის არსთან დაკავშირებულ ყველა კითხვას გაურბიან.
„ჩვენ მშვენივრად ვიცით, რა იყო ამ ღონისძიების შინაარსი... მიზანი იყო ლეგიტიმური ხელისუფლების გადატრიალება და, აქედან გამომდინარე, თავის მართლება მათი მხრიდან არის საფუძველს მოკლებული“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, საუბარია არა ეჭვებზე, არამედ ზუსტ ინფორმაციაზე იმის თაობაზე, თუ ვინ მონაწილეობდა შეხვედრაში და რა საკითხები განიხილებოდა.
კობახიძე დარწმუნებულია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა მომხრეებმა შეხვედრის გამართვა სწორედ ახლა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე გადაწყვიტეს, რათა დააჩქარონ რევოლუციური გეგმები.
პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ადრე დაადასტურა, რომ ოპოზიციონერებმა შეხვედრა გამართეს პოლიტიკურ კონსულტანტ პიტერ აკერმანთან და განხილვის მთავარი თემა იყო ხელისუფლების წინააღმდეგ არაძალადობრივი პროტესტის სხვადასხვა მეთოდები.