თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ქართული საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი შევა, გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ოთხშაბათს ორი ქვეყნის სპიკერების სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინას უახლოეს დღეებში ეწვევა. საუბრის დროს უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, უკრაინელი მოქალაქეების მიმართ საქართველოში გამოჩენილი ყურადღებისთვის.
„მგონია, რომ ყველაფერი იდეალურად ლაგდება... იდეალურია, როდესაც ეს ვიზიტი მრავალპარტიულია და, ამავე დროს, ძალიან კარგია, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი არ იქნება ამ ვიზიტის დროს“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ეს ლოგიკური და სიმბოლურია, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ „ომის პარტიაა“.
„ერთადერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც „ფეიკს“ ავრცელებს, არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს კიდევ ერთი ლუსტრაციაა – ომის პარტია ბორტს მიღმა უნდა იყოს. ისინი დარჩნენ ბორტს მიღმა. ეს ძალიან სიმბოლური, ნიშანდობლივი და ძალიან კარგია“, – აღნიშნა კობახიძემ.
უკრაინაში მოვლენების დაწყებიდან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა. მმართველი პარტია ამას იმით ხსნის, რომ სანქციებისგან დაზარალდება თავად საქართველო. ამასთან, ხელისუფლება ოპოზიციას ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს.
უფრო ადრე უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ინტერესების სფეროში მყოფი სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე დამატებითი ფრონტების გახსნა უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მეორე ფრონტის გახსნის მაგალითებად მან მოიყვანა საქართველოს ტერიტორიები, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.