მედვედევი: რუსეთმა ნატოს გაფართოებაზე ემოციის გარეშე უნდა ირეაგიროს

Sputnik
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. რუსეთმა ნატოს გაფართოებაზე ემოციების გარეშე უნდა ირეაგიროს, მიაჩნია რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს დმიტრი მედვედევს.

„როგორ უნდა ვირეაგიროთ ამაზე? პასუხი ნათელია: ემოციების გარეშე, ცივი თავით. ნატოში რამდენი ქვეყანაა – ოცდაათი თუ ოცდათორმეტი, ჩვენთვის მთლიანობაში არც ისე მნიშვნელოვანია. ორით ნაკლები, ორით მეტი — მათი მნიშვნელობისა და მოსახლეობის გათვალისწინებით, არანაირი განსხვავება არ არის“, — დაწერა მან თავის Telegram-არხზე.

მანამდე ბრიტანულმა გაზეთმა Times-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანებას უკვე ამ ზაფხულს აპირებენ.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში შესვლას რუსეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ არ მიიჩნევს.