თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ბოლნისში წარმოებული ქართული ღვინო პოლონეთში ექსპორტზე პირველად გავა, განაცხადა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ დამფუძნებელმა გურამ ავქოპაშვილმა ბოლნისში გამართულ მევენახე-მეღვინეების პირველ ფორუმზე.
„ბოლნისი“ მშრალი ღვინოა, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი, ქარვისფერი, წითელი და ვარდისფერი. ბოლნისის მიკროზონა ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აქ იწარმოება ღვინო ვაზის ისეთი ჯიშებისგან, როგორიცაა „რქაწითელი“, „ჩინური“, „გორული მწვანე“, „საფერავი“, „თავკვერი“, „შავკაპიტო“, „ასურეთული შავი“.
„მარტში პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში ჩვენ ბოლნისური ღვინოების გამოფენა-დეგუსტაცია გავმართეთ, რომელზეც 25 მცირე ტიპის ბოლნისური მარნის 70-მდე სახეობის ღვინო იყო წარდგენილი. ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა – იმპორტიორებმა ჩვენი ღვინოების შეძენის სურვილი გამოთქვეს. წელს პირველად განვახორციელებთ პოლონურ ბაზარზე ექსპორტს“, – განაცხადა ავქოფაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებში ბოლნისში გაიზარდა ადგილობრივი მეღვინეების რაოდენობა, ღვინის ხარისხი კი გაუმჯობესდა. მისი თქმით, 43 ადგილობრივი ღვინის მარანი წელიწადში 200 ათასამდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს.
გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ორგანიზებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და კომპანია RMG-ს მხარდაჭერით გამართულ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ვაჭარაძემ.
მინისტრის მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული მეღვინეობის დარგის განვითარება და ქართული ღვინის პოპულარიზაცია.
„იმედი მაქვს, რომ ბოლნისის ღვინოები პოპულარული გახდება არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. სახელმწიფო მეღვინეობის დარგის განვითარების მხარდაჭერისთვის ბევრ პროგრამას ახორციელებს“, – განაცხადა ნოზაძემ.
მისი თქმით, ბაზრების დივერსიფიკაცია ნომერ პირველი ამოცანაა, რომელზეც სახელმწიფო ღვინის კომპანიებთან ერთად ბევრს მუშაობს.
ფორუმში მონაწილე მეღვინეებმა, რომლებიც „ღვინო ბოლნისის“ ასოციაციის წევრები ჯერ არ არიან, მიიღეს ინფორმაცია იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც გაერთიანების წევრობის შემთხვევაში თითოეული მეღვინე მიიღებს. ფორუმზე გამოვლინდა 16 მეღვინე, რომლებსაც საუკეთესო ღვინოების წარმოებისთვის უმაღლესი ხარისხის მუხის კასრები გადაეცათ.
კომპანია RMG-ს წარმომადგენელთა თქმით, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის კავშირი კომპანიის მხარდაჭერით ბოლნისში ქართულ-გერმანული ღვინის სახლის რესტავრაციას ახორციელებს. ეს იქნება ადგილი, სადაც ქალაქის სტუმრები ბოლნისის საუკეთესო ღვინოებს გაეცნობიან.
ბოლნისელი მეღვინეების გაერთიანებამ „ღვინო ბოლნისი“ შეიმუშავა „ბოლნისის“ ღვინის წარმოების სპეციფიკა და 2019 წელს საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში რეგისტრაცია გაიარა.