ზუგდიდში დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების სახლები აშენდა

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები აშენდა. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული პროექტი გერმანიისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით დევნილებისთვის 200-მდე სახლის აშენებას ითვალისწინებს.

„საცხოვრებელი ფართის კვადრატულობა ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრება. ახალი სახლები დევნილ ოჯახებს სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემათ“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, დანიის ლტოლვილთა საბჭო ახორციელებს.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 286,8 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 90,6 ათასზე მეტი ოჯახია.