თბილისში ქართული ენის დღე აღინიშნება

საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში კულტურულ-გასართობი ღონისძიებები ტარდება.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ხვალ, 14 აპრილს დედაენის ბაღში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ქართული ენის დღესასწაულთან დაკავშირებით დედაენის ბაღში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები ყოველწლიურად იმართება.

„14 აპრილს ყველას გეპატიჟებით დედენის ბაღში, სადაც ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებები გაიმართება. ერთად აღვნიშნოთ ქართული ენის დღე“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში თბილისში წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის ბოლო, შემაჯამებელი ღონისძიებები იმართება.
„წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრის ფარგლებში ვმასპინძლობთ ოფიციალურ სტუმრებს იუნესკოდან, გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციიდან, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან და საერთაშორისო საბიბლიოთეკო ასოციაციიდან“, – განაცხადა კალაძემ.
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე ქართულ ენასთან და 1978 წლის მოვლენებთან დაკავშირებულ თემებზე საინტერესო საუბრები გაიმართება. ასევე ბავშვებისთვის მოეწყობა სპეციალური გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. ბაღში თემატური აუდიო და ვიზუალური ინსტალაციები განთავსდება.
ღონისძიება 13:00 საათიდან დაიწყება.
ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 44 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები გაიმართა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა.
ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა, რომელზეც მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს.