პრეზიდენტის, პროკურორის, ომბუდსმენის ქმედებების გასაჩივრება: კანონი მეორე მოსმენით მიიღეს

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივა პარტია „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში, რომლებიც საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის ქმედებების გასაჩივრების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
კანონპროექტს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 11-ის წინააღმდეგ.
საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივა ეკუთვნის მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს", რომელმაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები ელჩების დანიშვნისას საკონსტიტუციო სასამართლოში ვერ გაასაჩივრა.
ცვლილებების მიხედვით, შესაბამის ორგანოს უფლება ექნება საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანოს პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, სახალხო დამცველის ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ, თუ ჩათვლის, რომ სამართლებრივი აქტის მიღებით/გამოცემით ან განხორციელებული/განუხორციელებელი ქმედებით მთლიანად ან ნაწილობრივ დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლებები.
ამ შემთხვევაში სასამართლო ადგენს ქმედების/უმოქმედობის შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციასთან და გამოცემულ აქტს ან ქმედებას ცნობს როგორც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მყოფს.
როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა განმარტა, ცვლილებები ორგანოებს შორის უფლებამოსილების განაწილების საკითხის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა და იმპიჩმენტის პროცედურას არანაირად არ უკავშირდება.

„იმპიჩმენტს განსხვავებული პროცედურა აქვს. პროექტით, თუ ეროვნული ბანკი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, გენერალური პროკურორი ან სხვა საკონსტიტუციო ორგანო ჩათვლიან, რომ მათ უფლებამოსილებაში ჩაერივნენ და ეს კონსტიტუციას არ შეესაბამება, ისინი შეძლებენ ამის დამტკიცებას საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განმარტა ოხანაშვილმა.

ელჩების დანიშვნის კომპეტენციის საკითხი საქართველოში საკანონმდებლო ჩიხში მოექცა. კონსტიტუციით, ელჩების დანიშვნა - საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა. მმართველ ძალაში კი მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა სიმბოლურად უნდა მოაწეროს ხელი დანიშვნას, რადგან საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრა და კანდიდატების შერჩევა მთავრობის კომპეტენციაში შედის.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სურდათ ამ საკითხით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართათ, მაგრამ კანონით არ შეიძლება პრეზიდენტის მოქმედების ან უმოქმედობის გასაჩივრება, არამედ შეიძლება მხოლოდ მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის გასაჩივრება.