თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის სრულყოფას აგრძელებს

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში ახალი ქსელის დანერგვამ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა გაზარდა.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებულ ქსელზე მცირე ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით 24-საათიან რეჟიმში დაკვირვებას აწარმოებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც მერია აცხადებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბოლო წლებში თბილისში აქტიურად ხორციელდება სატრანსპორტო რეფორმა, რომლის მიზანია თბილისელებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფრო კომფორტული და უსაფრთხო იყოს. აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალური ავტოპარკის განახლება, ასევე უკვე შემუშავდა და ეტაპობრივად ინერგება ახალი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც სამი დონისგან შედგება.

„ყველა რეფორმას აქვს თავისი ხარვეზი და ჩვენც გვქონდა მოლოდინი, რომ ამ რეფორმასაც შეიძლება გარკვეული ხარვეზები ჰქონოდა... 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს დაკვირვება არსებულ ქსელზე, თუ სად არის საჭირო ჩვენი ჩართულობა – ახალი ქსელის, ახალი მიკროავტობუსის დამატება, დამატებითი ავტობუსის გაშვება კონკრეტულ მარშრუტზე და ა.შ." – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზე.
მისი თქმით, გასულ წელს საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის მონაწილეობით დასრულდა თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კვლევა, რომელზე დაყრდნობითაც დაიგეგმა დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი შესაბამისი სატრანსპორტო ნაკადებისა და მოქალაქეთა მობილობის საჭიროებათა გათვალისწინებით.
აღნიშნულმა ქსელმა ერთ სატრანსპორტო და სატარიფო სისტემაში გააერთიანა მანამდე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედი მიკროავტობუსები, ავტობუსების ქსელი და თბილისის მეტროპოლიტენი.
კალაძის განცხადებით, რეფორმის ძირითადი ეტაპის შემდეგ ახალი ქსელის დანერგვამ შესაძლებელი გახადა გაზრდილიყო ხელმისაწვდომობა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის, ქალაქის სხვადასხვა რაიონში იმ უბნების ქსელში ჩართვით, რომელსაც აქამდე მუნიციპალური ტრანსპორტი არ ემსახურებოდა.
„სამწუხაროდ, იყო ისეთი უბნები, ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდებოდა, ან ძალიან დიდი იყო მოცდის დრო – ერთი საათი უწევდათ მოქალაქეებს ლოდინი. ჯამში საუბარია 46 ასეთი მიკროავტობუსის და 17 ავტობუსის მარშრუტზე. ამავე მიზნით დამატებით დაგრძელდა 13 მარშრუტი“, – განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, 1 თებერვლიდან ახალი მარშრუტების პარალელურად ამოქმედდა სააბონემენტო სისტემა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები სარგებლობენ სხვადასხვა ვადიანი სააბონემენტო ბარათებით, მათი საჭიროების მიხედვით.
გარდა ამისა, რეფორმის შედეგად საათ-ნახევრიანი შეღავათიანი მგზავრობის ტარიფი გავრცელდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობაზე.
„რეფორმამ შესაძლებელი გახადა, რომ მარშრუტების ოპტიმიზაციის შედეგად მიგვეღო სტანდარტი, რომლის მიხედვითაც მაქსიმალური მოლოდინის დრო მოძრაობის პიკურ პერიოდში შემცირდა 15 წუთამდე“, – აღნიშნა კალაძემ.