თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ქართული სამზარეულოს ტრადიციული სამარხვო კერძი ფხალი შეიძლება მთელი მსოფლიოს ვეგანებისთვის შეუცვლელი აპეტაიზერი გახდეს – ასეთ დასკვნამდე მივიდა BBC-ს კორესპონდენტი სარა ფრიმანი, რომელიც საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდა.
„ინგრედიენტები, ნიახურის ფოთლებით დაწყებული, ოხრახუშით დამთავრებული, ფხალს შესანიშნავ კერძად აქცევს. იგი პირველ რიგში სუფრის საყრდენს წარმოადგენს და ქართველების უსაზღვრო სტუმართმოყვარეობას გამოხატავს“, – წერს ჟურნალისტი სტატიაში „ქართული მრავალფეროვანი ვეგანური აპეტაიზერი“.
სარა ფრიმანმა ფხალს „კულინარიული ქამელეონი“ უწოდა. მისი თქმით, ფხალი შეიძლება ტოსტზე ვეგანური პაშტეტის სახით წაუსვა და ისე დააგემოვნო ან თეფშზე სხვა ხემსთან ერთად მოათავსო და სუფრასთან მიიტანო.
სტატიაში ავტორის მიერ აღწერილია ქართული კერძები, თბილისისა და ქუთაისის ბაზრები, აგრეთვე კვების ობიექტები, სადაც შესაძლებელია ვეგეტარიანული კერძების გასინჯვა.