კომაროველებმა ავსტრიის ფიზიკოსთა ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავეს

საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრების სამი წევრი იღებდა მონაწილეობას.
Sputnik
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა–მათემატიკის სკოლის ახალგაზრდა ფიზიკოსთა ნაკრებმა ავსტრიის ფიზიკოსთა ტურნირზე (AYPT) აბსოლუტური პირველი ადგილი მოიპოვა. ინფორმაციას კომაროვის სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ავსტრიის ფიზიკოსთა ტურნირზე საქართველოს ნაკრების სამი წევრი მონაწილეობდა, მათ შორის ორი კომაროვის სკოლის მოსწავლე – ნიკოლოზ მალცევი (კაპიტანი) და ნინო ქუჩულორია.
ნაკრებს ავსტრიის და საერთაშორისო ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირისთვის მზადებაში ნაკრების და კომაროვის სკოლის IYPT წრის ხელმძღვანელები ბექა ბზეკალავა და ნიკოლოზ ნიკურაძე უწევდნენ დახმარებას.
საქართველო წელს პირველად მონაწილეობდა ავსტრიის ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირზე.
ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც ხშირად „ფიზიკის მსოფლიო თასს“ (Physics World Cup) უწოდებენ, ყოველწლიურად იმართება და მნიშვნელოვან ინტელექტუალურ კონკურსს წარმოადგენს საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის. ტურნირის მიზანია წარმოაჩინოს მონაწილეთა უნარები – წარმატებით გადაჭრან ფიზიკაში დასმული პრობლემები, წარმოადგინონ ჩატარებული კვლევების შედეგები და შეძლონ მათი დაცვა მოწინააღმდეგე გუნდებთან გამართულ სამეცნიერო დისკუსიებში.