თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „საიდუმლო" სამედიცინო შემოწმება გაიარა და იტალიურ „ნაპოლიში“ გადასასვლელად მზადაა, წერს იტალიური სპორტული გამოცემა Corriere dello Sport.
იტალიური მედიის ცნობით, 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა თვის დასაწყისში პარტენოპეაში, სადაც „ნაპოლის“ ბაზაა განთავსებული, სამედიცინო შემოწმება გაიარა.
Corriere dello Sport-ის ცნობით, კვარაცხელია კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი ხელფასი 1,5 მილიონი ევრო იქნება.
„ქართველი მარცხენა შემტევი ნახევარმცველი, რომელმაც უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება, სეზონში 1,5 მილიონ ევროს მიიღებს და „ნაპოლისთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს“, – წერს გამოცემა.
Corriere dello Sport ირწმუნება, რომ იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა ამ ინფორმაციას ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს და ელოდება 1 ივნისს, როდესაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება.
მანამდე ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კვარაცხელია „ნაპოლიში“ მომავალი სეზონიდან გადავა.
მარტის ბოლოს ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინის“ რიგები დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა.
წყარო - Corriere dello Sport.