სიმართლე კვერცხის შესახებ, ანუ თეთრნაჭუჭა სჯობს თუ ყავისფერი?

Sputnik
კვერცხს ხშირად ემდურებიან იმის გამო, რომ დიდი რაოდენობით ქოლესტერინს შეიცავს: ერთ ცალ კვერცხში დღიური ნორმის ნახევარზე მეტი ქოლესტერინი შედის. თუმცა, იმავდროულად პროდუქტში ასევე არის ფოსფოლიპიდები (რომლებიც სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციას ამცირებს), სასარგებლო ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები.
დიეტოლოგები ახალგაზრდა და ჯანმრთელ ადამიანებს ურჩევენ, ყოველდღიურად 1-2 კვერცხი მიირთვან, ხოლო ხანში შესულებს ან ათეროსკლეროზით დაავადებულებს ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით ერთი ცალის ჭამა შეუძლიათ.

თუ ქოლესტერინის დონე მაღალია, მაშინ კვირაში 2-3 კვერცხზე მეტის მიღება რეკომენდებული არ არის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით, ერთი კვერცხის მიღება ყოველდღიურად 12%-ით ამცირებს ინსულტის რისკს.

უნდა გაირეცხოს თუ არა კვერცხი?

სალმონელოზის საფრთხე კვერცხის ნაჭუჭზე რეალურია. ამიტომ გამოყენების წინ ის აუცილებლად უნდა გაირეცხოს თბილი წყლითა და საპნით.
არასწორად მოხარშული კვერცხი შხამია: აკრძალეთ თოხლო კვერცხი
გაითვალისწინეთ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: თუ ნაჭუჭი ოდნავ მაინცაა გაბზარული, გარეცხვა უკვე ვეღარ დაგიცავთ სალმონელისგან. ასეთ შემთხვევაში ჯობს თერმოდამუშავებას მიმართოთ, ანუ ხარშოთ კვერცხი 15 წუთის განმავლობაში მაინც, ხოლო თუ ომლეტის გაკეთება გსურთ, მაშინ ორივე მხრიდან საგულდაგულოდ შეწვათ.

უმი თუ მოხარშული?

მართალია თუ არა, რომ უმი კვერცხი უფრო სასარგებლოა? არა!

უმი კვერცხის მიღებით, გარდა იმისა, რომ იზრდება სალმონელოზით დაავადების რისკი, ის ასევე კრავს ბიოტინს და, შესაბამისად, კუჭი ძნელად ამუშავებს.

რა თქმა უნდა, კვერცხის კვებითი ღირებულება თერმოდამუშავებისას იკლებს, მაგრამ არა მნიშვნელოვნად — ზოგი ვიტამინის რაოდენობა სულ რაღაც 10%-ით მცირდება.

რით განსხვავდება თეთრნაჭუჭიანი და მუქი კვერცხი?

არსებობს მოსაზრება, რომ ნაჭუჭის ფერი განსაზღვრავს, რამდენად სასარგებლო, ნატურალური და მაგარია კვერცხი.
სინამდვილეში ნაჭუჭის ფერი არანაირ გავლენას არ ახდენს გემობრივ თვისებებზე.

კვერცხის შეფერილობა მხოლოდ და მხოლოდ ქათმის ჯიშზეა დამოკიდებული: თეთრბუმბულიანი ქათმები ძირითადად თეთრნაჭუჭიან კვერცხებს დებენ, ხოლო ყავისფერ-მოწითალო ქათმები – მოყავისფრო-მოწითალო კვერცხებს.

ნაჭუჭის სიმტკიცე ქათმის ასაკზეა დამოკიდებული: რაც უფრო ახალგაზრდა ქათმის დადებულია კვერცხი, მით მაგარი ნაჭუჭი აქვს მას.

რაც შეეხება გემოს, ამას უკვე კვერცხისმდებელი ქათმის რაციონი განსაზღვრავს.
კვერცხი დიაბეტის რისკს 60%-ით ზრდის? გამოქვეყნდა ექსპერიმენტის შედეგები

რატომ ღირს მუქნაჭუჭიანი კვერცხი თეთრზე ძვირი?

იმიტომ რომ მუქი კვერცხების მდებელი ასევე მუქი დედლები დიდი ზომისანი არიან და, შესაბამისად, მეტი საკვები სჭირდებათ. სწორედ მათ საკვებზე დახარჯული თანხის გათვალისწინებით ადებენ მათ შედარებით მაღალ ფასს მწარმოებლები.

რომელი კვერცხი ჯობს: შინაური თუ ფერმისა?

რა თქმა უნდა, ფერმისა!

მოსაზრება, რომ სუფთა ჰაერზე, ბალახზე და გაშლილ სივრცეში გაზრდილი ქათმის კვერცხი ბევრად სასარგებლოა, ვიდრე ფერმაში გამოკეტილისა, ზედაპირულია.

დიეტოლოგები ნამდვილად გვირჩევენ ე.წ. სოფლის კვერცხის ჭამას, თუ რაღაც წარმოდგენა მაინც გაქვთ მის გამყიდველ გლეხზე. იქნებ ის ისეთ ადგილზე და ისეთ პირობებში ცხოვრობს, რომ მისი ქათმების მიერ დადებული კვერცხი სასარგებლო კი არა, პირიქით, საშიშიცაა?!

კვერცხის შენახვის წესი

კვერცხის შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა 0-2 გრადუსია და ასეთ შემთხვევაში მაცივარში სამი თვის განმავლობაში შეგიძლიათ შეინახოთ. თუ ტემპერატურა უფრო მაღალია, კვერცხის შენახვის ვადა 25 დღემდე მცირდება.
შეინახეთ კვერცხი მძაფრი სუნის პროდუქტებისგან შორს — ნაჭუჭი საკმაოდ იოლად ატარებს სუნებს.
ნუ ჩაალაგებთ კვერცხებს მაცივრის კარზე სპეციალურ „ჯიბეში“. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ყველაზე მეტად თბილი ადგილია მაცივარში და, მეორეც, კარის გაღება-დახურვისას კვერცხი შეინჯღრევა.