ვიქტორია ნიკიფოროვა
დასავლეთის ეკონომიკური ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ ცხელ ფაზაში გადადის. მოწინააღმდეგეები უკვე აღარ ასაღებენ თავს პარტნიორებად. სანქციებზე პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ისეთივე იარაღია, როგორიც სტინგერები და პანცერფაუსტები. ახდილად იპარავენ ფულს რუსების ანგარიშებიდან, სახლებს ევროპაში და სურათებს გამოფენებიდან. მოუთმენლად ელოდებიან მორიგ სისხლიან უკრაინულ „ფეიკს“, რათა მიუძღვნან მას მორიგი თავდასხმა.
ამ ომში ვუნდერვაფე უნდა გამხდარიყო ევროკავშირის ქვეყნების შეთანხმებული უარი – შეეძინა რუსეთისგან გაზი და ნავთობი. მაგრამ რაღაც ისე არ მოხდა. რუსეთის ნახშირწყალბადებზე უარის თქმა იოლია ამერიკელებისთვის, რადგან თავადაც ბლომად აქვთ. ენერგოდეფიციტური ევროპა კი სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაშია. მთავარი რისკის წინაშე ევროკავშირის ეკონომიკის ელმავალი - გერმანიაა.
„ეს იქნებოდა კატასტროფა - ჯერ კიდევ წარმოუდგენელი რამდენიმე თვის წინ, თუმცა დღეს სრულიად რეალური ჩანს“, – ასე აღწერს რუსული გაზის შესაძლო გათიშვას ელექტროტექნიკის მწარმოებელი დასავლეთ გერმანული ფირმის მფლობელი. ბიზნესმენი აღიარებს, რომ რუსული გაზის, ასევე ნიკელისა და ალუმინის გარეშე მისი ასწლოვანი ფირმა მომენტალურად გაკოტრდება.
„X დღეს“ უწოდებენ გერმანელები იმ მომენტს, როდესაც მათი ქვეყანა შეწყვეტს რუსული გაზის მიღებას. 50 მილიარდი კუბური მეტრი გაზი წელიწადში გერმანიისთვის, 200 მილიონი ევრო დღეში რუსეთისთვის - ასეთია საკითხის ფასი. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. რისკის წინაშეა გერმანიის მთელი მრეწველობა, არადა სწორედ ის უძღვება ევროკავშირის ეკონომიკას.
ისტორიის ირონიაა. ლეგენდარული გერმანული კორპორაციები - კრუპი და ტისენი, ბაუერი და BASF-ი წარმატებით მდიდრდებოდნენ პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს. გერმანული სახელმწიფოს მორიგი მარცხის შემდეგ ამ კორპორაციებმა რებრენდინგი განახორციელეს, გამოცვალეს ტოპ-მენეჯერები და წარმატებით განაგრძეს საქმიანობა. კაცობრიობა ცდილობდა არ გაეხსენებინა, რომ მათმა იარაღმა მილიონობით საბჭოთა ჯარისკაცი მოკლა, ბაუერი კი აფინანსებდა ცდებს ადამიანებზე ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში. მაგრამ გერმანიის უმსხვილეს კორპორაციებს არასდროს გაურისკავთ ისე, როგორც დღეს, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ ომში.
გერმანიაში რუსეთიდან გაზის იმპორტის შეწყვეტის შემთხვევაში სამი სამოქმედო გეგმაა შემუშავებული. ყოველ მათგანში ენერგომომარაგების მხრივ პრიორიტეტი ეკუთვნის საავადმყოფოებსა და ფარმაციას. შემდეგ მოდის საცხოვრებელი სახლები. ბიზნესს კი გაზის მიწოდებას ყველაზე ადრე შეუწყვეტენ.
მილიონობით ადამიანი დაკარგავს სამუშაოს. ევროპის უმსხვილეს ეკონომიკას რეცესია ელოდება.
უმუშევრად დარჩენილი გერმანელები ქუჩებში გამოვლენ, იქ მათ დახვდებიან უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც აუხსნიან, რატომ უნდა იშიმშილონ და გაიყინონ.
სიტუაციას გაართულებს აფრიკიდან და აზიიდან არალეგალური მიგრანტების ნაკადი. შიმშილის საფრთხის პირისპირ ისინი ევროპას, პირველ რიგში, გერმანიას მიაწყდებიან.
გარკვეული დროის განმავლობაში გერმანიის მთავრობა შეძლებს სახალხო შფოთის ჩაცხრობას ფულით, მაგრამ ინფლაცია ევროს ზონაში ისედაც რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. რად გადაიქცევა ეს ვალუტა ერთ წელიწადში?
გასაგებია, რომ გერმანელი პოლიტიკოსები ვაშინგტონის ბრძანებებს ასრულებენ. მაგრამ რატომ დუმს გერმანული ბიზნესი?
საქმე ისაა, რომ მათ უმეტესობას გასაღების ბაზარი აშშ-ში აქვს. ესაა მსოფლიოს უმდიდრესი ბაზარი და სარგებელი ნათელია. გერმანელებს გაუჭირდებათ რუსეთიდან გასვლა, მაგრამ ამერიკელი მომხმარებლის დაკარგვა ბევრი მათგანისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება.
მართალია, გერმანიის მცირე და საშუალო ბიზნესი რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ პრაქტიკულად განწირულია, მაგრამ კორპორაციებს სიმტკიცის სხვაგვარი მარაგი აქვთ. ისინი გეგმავენ ხარჯის ზრდა თავიანთ მომხმარებლებზე გადაიტანონ. მაგრამ რამდენ ხანს შეძლებენ ისინი ფასების მატებას და ხომ არ დამთავრდება ეს მათი სრული გაკოტრებით?
ფიგურალურად რომ ითქვას, იბრძვიან გაზი დოლარის წინააღმდეგ ან რესურსები ვალუტების წინააღმდეგ.
გერმანია რუსეთის წინააღმდეგ - ასეთი დაპირისპირების ქიმიურად სუფთა ნიმუშია. რუსეთს რესურსები წესრიგში აქვს.
გერმანიაში ეკონომიკა სწორედ ისაა, რომელსაც ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში წარმოაჩენდნენ, როგორც სანიმუშოს. მაღალი ტექნოლოგიები, მრეწველობა, მომსახურების სფერო, ყველაფერი შესანიშნავია. ერთადერთი ნაკლი - ენერგიის უმძლავრესი დეფიციტია. ურდულის მობრუნება - და მთელი ეს რთული, საუკუნეების განმავლობაში შექმნილი კონსტრუქცია ჩამოიშლება, როგორც ბანქოს სახლი და თან გაიყოლებს ევროპის სხვა ქვეყნების ეკონომიკებს. ბრძოლამ ეკონომიკურ ომში შეიძლება დაღუპოს კიდევ უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის საშინელმა ბრძოლებმა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე