თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. თუ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლების მიმართ პოზიციას შეიცვლის, თბილისი მზადაა იფიქროს უკრაინაში ვიზიტის ორგანიზებაზე უმაღლეს საპარლამენტო დონეზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ხელისუფლების მისამართით გამოთქმული ბრალდებების ფონზე უკრაინის რადის მხრიდან მიწვევას შეუფერებელი უწოდა.
„ეს არის სამი პრინციპული საკითხი. როგორც კი ჩვენ დავინახავთ პროგრესს ერთი, მეორე და მესამე მიმართულებით, ბუნებრივია, შეიძლება ასევე ვიფიქროთ უმაღლეს საპარლამენტო დონეზე ვიზიტის განხორციელებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, არსებობს ზოგადი მზადყოფნა, განხორციელდეს ვიზიტი უმაღლეს საპარლამენტო დონეზე, მაგრამ ამისათვის არსებობს მკაფიო წინაპირობები - საუბარია შეურაცხმყოფელ ნაბიჯებზე საქართველოს სახელმწიფოს მისამართით.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დაასახელა სამი პუნქტი, რომლებთან დაკავშირებითაც კიევმა თავისი პოზიციები უნდა შეცვალოს. ერთ-ერთ პრინციპულ საკითხად კობახიძემ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა დაასახელა.
„ჯერ იყო გაწვევა კონსულტაციებზე, შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლდა უკრაინის ელჩი საქართველოში. დღემდე უკრაინა რჩება დემარშის მდგომარეობაში საქართველოს მიმართ. ასე გამოდის“, - აღნიშნა მან.
მეორე პუნქტად კობახიძემ დაასახელა კონტრაბანდასთან დაკავშირებული ბრალდებები. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მოგვიანებით შეარბილა თავისი განცხადებები, ეს არ არის საკმარისი.
„როცა ასეთი ბრალდება მოდის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ამას სჭირდება სათანადოდ ან დადასტურება ან უარყოფა, არც ერთი არ მოგვისმენია“, - განაცხადა მან.
მესამე პუნქტი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი აცხადებს, ეს არის უკრაინაში უმაღლეს თანამდებობებზე ქართული რადიკალური ოპოზიციის ლიდერების არსებობის ფაქტი.
„ოთხივე არის თვალსაჩინო მაგალითი. ესენი არიან სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, ადეიშვილი - გენპროკურორის მრჩეველი, ლორთქიფანიძე - დაწინაურებულია და არის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე და არახამია, ეს არის პირი, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს ამ ადამიანებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის უმაღლეს დონეზე. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, უკვე გადაწყვეტილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინას ეწვევიან. იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მოხვდება „ქართული ოცნების“ დელეგაციაში, უკვე გაიმართა წინასწარი კონსულტაციები, ხოლო დეპუტატების ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას. გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოსგან „ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს ელოდება“ იმისას, რომ ქართული ტერიტორია რუსეთში კონტრაბანდული საქონლისთვის არ გამოიყენება.
უკრაინის პასუხად საქართველოს ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ეს უკრაინამ უნდა წარმოადგინოს საკუთარ ბრალდებებზე მტკიცებულებები, ან ბოდიში მოიხადოს. მათი თქმით, ბრალდებები აბსურდულია. თავის მხრივ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეახსენა უკრაინას, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცვლა რიგი საერთაშორისო შეთანხმებებით არის გათვალისწინებული.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების პირველივე დღიდან საქართველო უმკაცრესად აკონტროლებს საბაჟო–გამშვებ პუნქტებს ქვეყანაში და ამოწმებს ტვირთების შემოსვლასა და გასვლას.