ლავროვი: რუსეთი მოლაპარაკებების დროს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას არ აპირებს

Sputnik
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. რუსეთი არ აპირებს პაუზის გაკეთებას საომარ მოქმედებებში უკრაინასთან მოლაპარაკებების პერიოდში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
ეს პოზიცია მან იმით ახსნა, რომ მოლაპარაკებების პირველი რაუნდისას რუსეთის პრეზიდენტმა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში პაუზის ბრძანება გასცა“, მაგრამ რუსული მხარე „დარწმუნდა, რომ უკრაინელები იგივეს გაკეთებას არ აპირებდნენ“.

„და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებათა შემდგომ რაუნდებში არანაირი პაუზები არ იქნება — სანამ საბოლოო შეთანხმებას არ მივაღწევთ, სანამ მას ხელი არ მოეწერება“, — აღნიშნა ლავროვმა ტელეარხ Россия 24-თან ინტერვიუში.

24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ მომენტამდე მიმდინარეობს. კრემლმა ამ შეზღუდვებს ეკონომიკური ომი უწოდა და განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებს საპასუხო ზომებს.