ფერუმარილის დედოფლის ქართული სიყვარული: თავადი არჩილი და ჰელენ რუბინშტეინი

მწერალი იგორ ობოლენსკი ქართველების რძლის ელენა რუბინშტეინის ისტორიას მოგვითხრობს, რომელმაც მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური იმპერია Helena Rubinstein Incorporated შექმნა.
Sputnik
დიდებულმა ქალბატონმა თავისი ბედი ქართველ თავადს არჩილ გურიელი-ჭყონიას დაუკავშირა.
მათი შეხვედრა 1938 წელს გრაფ დე პოლინიაკის ასულის პარიზულ სახლში შედგა. გრაფის ასული მოდის ცნობილი სახლის დამაარსებლის ჟანა ლანვანის ქალიშვილი იყო. ის ყოველ კვირას აწყობდა საღამოებს, სადაც ბრიჯს თამაშობდნენ.
იმ დღეს სტუმრებს შორის იყნენ ჰელენ რუბინშტეინი — სწრაფად მზარდი კოსმეტიკური იმპერიის მფლობელი, ლანვანის მეგობარი და გრაფის ასულის ნაცნობი, ქართველი ემიგრანტი არჩილ ჭყონია, რომელიც თავად თავს გურიელი-ჭყონიას უწოდებდა.
არჩილი იმ დროს 43 წლის იყო. პარიზში დიდი ხნის წინ, 1919 წელს ჩასულიყო ტფილისიდან. საქმით დიდად დაკავებული არ იყო. საფრანგეთში ცხოვრების პირველ წლებში დის, მარიამის ხარჯზე ცხოვრობდა, რომელიც საფრანგეთში მასთან ერთად ჩავიდა და კოკო შანელის სახლში მუშაობდა — ქუდებს კერავდა.
ჭყონიები უზრუნველად ცხოვრობდნენ — იმდენად, რომ პარიზში თავიანთი დის, ქეთუსიას ვაჟიც კი ჩაიყვანეს.
მაგრამ რუბინშტეინის გაცნობის მომენტისთვის არჩილი მძიმე მდგომარეობაში იყო. იძულებული გახდა, დისშვილი ისევ საქართველოში გამოემგზავრებინა, რომელსაც უკვე დაემთავრებინა სორბონის უნივერსიტეტი.
იმას, რომ ჭაბუკი საბჭოთა კავშირში ძალიან ცუდ დროს ბრუნდებოდა (1938 წელი იყო), არჩილ ჭყონია ვერ ხვდებოდა. და-ძმამ დისშვილს რამდენიმე ჩემოდანში ხელით ნაკერი კოსტიუმები და ნათესავებისთვის საჩუქრები ჩაულაგეს და სინდისის ქენჯნის გარეშე გააცილეს მატარებლით.
ჰელენი და არჩილი მეგობრებთან ბრიჯის თამაშისას
საკუთარ შეცდომას არჩილი მოგვიანებით მიხვდა, როდესაც შეიტყო, რომ დისშვილმა სტალინის ბანაკებში ოთხი წელი გაატარა — როგორც ფრანგმა ჯაშუშმა.
იმ წელს არჩილისთვის სხვა რამაც გახდა ნათელი: ბრიჯის თამაშში მოგების იმედად ყოფნა მეტად აღარ შეიძლებოდა. ამიტომ გავლენიანი ნაცნობობა გაიჩინა, ძირითადად მდიდარ ქალებთან მეგობრობდა, რომლებიც ახალგაზრდა ქართველს სიამოვნებით ეხმარებოდნენ. თუმცა არც თამაშისთვის დაუნებებია თავი და ხშირად საკმაოდ მნიშვნელოვან თანხებსაც იგებდა.
ბრიჯი ჰელენ რუბინშტეინსაც უყვარდა. თუმცა ბოლო წლების მოვლენები ხელს არ უწყობდა, რომ კარგ განწყობაზე ყოფილიყო და საღამოებზე ევლო. რუბინშტეინს პირადი დრამა ჰქონდა — ქმარს, ედვარდ ტიტუსს დაშორდა, რომელმაც ის უფრო ახალგაზრდა ქალზე გაცვალა.
წყვილს შორის უთანხმოება იმით დაიწყო, რომ ტიტუსს ამერიკაში გადასვლა არ სურდა, სადაც რუბენშტეინის ძირითადი სამუშაო იყო, ჰელენს კი არ ესმოდა, როგორ შეიძლებოდა, რომ კაცი ცხოვრებაში ყველაზე მეტად წიგნებით ყოფილიყო დაინტერესებული. თანაც ქმრის ცხოვრების ბოჰემური სტილიც აღიზიანებდა.
როდესაც ის ქმართან ერთად ჩადიოდა პარიზში, ყველა დღე ერთი და იმავე სცენარით გადიოდა: La Coupole-ში სადილი, შემდეგ კი კაფე „სელექტში“ დროის უაზრო გატარება. ედვარდი მაგიდასთან ცოლისთვის უცხო ხალხს ეპატიჟებოდა და მისთვის სრულიად უინტერესო ლიტერატურულ თემებს განიხილავდა. ჰელენი ამას მწყობრიდან გამოჰყავდა.
მერე გაღიზიანებული ქალი ნიუ-იორკში ბრუნდებოდა, ქმარი კი წერილს წერილზე სწერდა, რათა მისი კეთილგანწყობა დაებრუნებინა. რასაც ახერხებდა კიდეც, დაახლოებით მეათე წერილზე.
მალე ამ მიმოწერამაც დაკარგა ძალა. მეგობრები, მათ შორის მხატვარი თამარა დე ლემპიკა, ჰელენს არწმუნებდნენ, რომ ტიტუსს პარიზში საყვარელი ჰყავდა და ამიტომ არ სურდა ნიუ-იორკში გადასვლა.
ერთ დღესაც რუბინშტეინი მოულოდნელად ჩავიდა პარიზში. ტიტუსი შინ არ იყო. კეთილისმსურველებმა კი ჰელენს შეატყობინეს, რომ მის ქმარს უკვე რამდენიმე დღეა, რაც ახალგაზრდა ქალთან ერთად ხედავდნენ. ეს ქალი მწერალი ანაის ნინი აღმოჩნდა, რომელსაც თავის პირველ წიგნზე მუშაობა დაესრულებინა და გამომცემელს ეძებდა.
ჰელენ რუბინშტეინი
რუბინშტეინმა განქორწინებას ორ კვირაში მიაღწია. მეუღლეები პირადად არც კი შეხვედრიან — მხოლოდ წერილებს სწერდნენ ერთმანეთს. ედვარდი ცდილობდა აეხსნა ცოლისთვის, რომ ამერიკელმა ჭორიკანა მეგობრებმა ის შეცდომაში შეიყვანეს, და რომ საერთოდაც ანაის ნინი გათხოვილი ქალბატონია. ჰელენი კი პასუხობდა, ჩვენს ურთიერთობებს მომავალი არ გააჩნია და შენთან დარჩენას თავის მოკვლა მირჩევნიაო.
საბოლოოდ წყვილი განქორწინდა და 62 წლის ჰელენ რუბინშტეინი მარტო დარჩა.
რამდენიმე წლის განმავლობაში ის მხოლოდ საქმეზე ფიქრობდა, ამით იყო დაკავებული. პარიზშიც მხოლოდ სამსახურის საქმეებზე გაემგზავრა, როცა ლანვანის სახლში მოულოდნელი შეხვედრა შედგა.
ქართველმა თავადმა იმავე საღამოს მოხიბლა რუბინშტეინი, რომელსაც, ყველაფერთან ერთად, მისი თავადური ტიტულიც ეამა. ჰელენს, თითქოს განგებ, დედოფალ ელიზავეტას ვენზელით დამშვენებული ორთავა არწივიანი გულსაბნევი ეკეთა. რამდენიმე წლის შემდეგ რუბინშტეინის კოლექციაში ძვირფასთვლიანი ბეჭედი გაჩნდება, რომელიც ადრე მონომახის ქუდს ამშვენებდა — იმ ქუდს, რომელიც რუს მეფეებს კურთხევის, კორონაციისას ეხურათ.
მეორეც, არჩილ ჭყონია ქალზე 25 წლით უმცროსი იყო. მესამე და მთავარი კი ის იყო, რომ არჩილთან ურთიერთობა ძალიან ადვილი გამოდგა.
რუბინშტეინი მერე თვითონ ამბობდა: „არჩილთან შეხვედრისას ამდენი წლის მერე პირველად გამეცინა. მომეწონა ჭყონიას გულახდილობა, სითბო და მხიარული ხასიათი“.
ჰელენი და არჩილი დღითი დღე სულ უფრო მეტ საერთოს პოულობდნენ ერთმანეთში. მაგალითად, ახალგაზრდობაში ცხოვრების შეცვლას არცერთი არ შეუშინდა — 24 წლის ჭყონია დასთან ერთად საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, 18 წლის რუბინშტეინი კი ავსტრალიაში, სადაც მისი ბიძაშვილის ოჯახი ცხოვრობდა.
68 წელს მიღწეული რუბინშტეინისთვის მომხიბვლელ თავადთან შეხვედრა საახალწლო საჩუქარს ჰგავდა. მხიარულ ქართველთან ურთიერთობა ჰელენის მრავალრიცხოვანმა ებრაელმა ნათესავებმაც კი აკურთხეს. თუმცა მათ აზრს მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. და მალე ქორწილიც გადაიხადეს.
ჟურნალისტები ხშირად „აწვეთებდნენ“ ჰელენს, თითქოს არჩილი თავადის ტიტულით უკანონოდ სარგებლობდა. ის კი მათ თავიდან იშორებდა, ეს ბრალდება ჯერ კიდევ დასამტკიცებელიაო. კრაკოვში დაბადებულ ჰაია რუბინშტეინს, რომელმაც სახელად ჰელენი დაირქვა, ძალიან კარგად ესმოდა, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა სწორად შედგენილ ლეგენდას.
თანაც ქმრისგან შეძენილი ტიტულით რუბინშტეინი თითქმის არც სარგებლობდა. ის მაინც მადამ რუბინშტეინად რჩებოდა — სწორედ ასე მიმართავდნენ მას თანამშრომლებიცა და კლიენტებიც.
ქორწინების წინ რუბინშტეინმა და ჭყონიამ საქორწინო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად, არჩილის სიკვდილის შემთხვევაში მთელი მისი ქონება ჰელენს რჩებოდა. ბრძენმა რუბინშტეინმა იცოდა, რასაც აკეთებდა. ოცი წლის შემდეგ მისმა ქართველმა თავადმა ეს სამყარო პირველმა დატოვა...