აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო მოლაპარაკება გამართეს

მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადების პროცესზე.
Sputnik
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და არარატ მირზოიანმა ორშაბათს ტელეფონით მოლაპარაკება გამართეს.
მინისტრებმა განიხილეს საზღვრის დელიმიტაციისა და სასაზღვრო უსაფრთხოების კომისიის ფორმირების, ჰუმანიტარული პრობლემების და სამშვიდობო მოლაპარაკებების მომზადების საკითხები.
კერძოდ, ორი სახელმწიფოს ლიდერების დონეზე მიღწეული შეთანხმებების კვალდაკვალ მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადების პროცესზე.
გასულ კვირაში ბრიუსელში გაიმართა სამმხრივი მოლაპარაკება სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელის მონაწილეობით.
სომხეთის მინისტრთა კაბინეტში აღნიშნეს, რომ ფაშინიანმა და ალიევმა შეხვედრის დასრულებისას თავიანთ საგარეო უწყებებს დაავალეს, დაეწყოთ მზადება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. მიღწეულია ასევე შეთანხმება, 2021 წლის 26 ნოემბრის სოჭის შეთანხმების შესაბამისად, აპრილის ბოლომდე შეიქმნას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხთა ორმხრივი კომისია.