საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შემოდგომაზე უელსს დაუპირისპირდება

აღნიშნული მატჩი გუნდებს შორის მეოთხე შეხვედრა იქნება - წინა სამი მატჩი უელსელმა მორაგბეებმა მოიგეს.
Sputnik
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შემოდგომის სერიის ერთ-ერთ ტესტ-მატჩს 19 ნოემბერს კარდიფში, Principality-ს სტადიონზე უელსის ნაკრებთან გამართავს.
ეს იქნება საქართველოს მეოთხე შეხვედრა „წითელ დრაკონებთან“ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
გუნდებს შორის პირველი მატჩი 2017 წლის ნოემბერში გაიმართა. მაშინ მასპინძლებმა 13:6 მოიგეს. დარჩენილი ორი შეხვედრაც ვალიელებმა მოიგეს.
ბორჯღალოსანებთან შეხვედრამდე „დრაკონები“ ორ თამაშს გამართავენ - 5 ნოემბერს ახალი ზელანდიის ნაკრებთან, ერთი კვირის შემდეგ კი არგენტინასთან.
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის თქმით, უელსის ნაკრები ახლა ძიებაშია, ბევრი წამყვანი ფეხბურთელი წავიდა ეროვნული ნაკრებიდან და ახლა ახალი გუნდის შექმნის პროცესი მიმდინარეობს.
მაისაშვილი მიიჩნევს, რომ ეს შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
„მსოფლიო თასის წინ უელსთან თამაში ძალიან სასიხარულო და საინტერესოა. ზოგადად, Tier-ის გუნდებთან შეხვედრა ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა. მოვსინჯავთ ძალებს და ვნახავთ, რა შეგვიძლია“, – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.
19 ნოემბრის მატჩის ბილეთები ეღირება 10, 15, 20, 25 და 35 ფუნტი და გაყიდვები 10 ივნისს დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთში უელსი და საქართველო C ჯგუფში ითამაშებენ და ეს მათი მეხუთე შეხვედრა იქნება.