თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს მე-20 ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონტე-კარლოში მასტერსის სერიის (ATP 1000) წლევანდელი პირველი ტურნირი პირველივე ტურის შემდეგ დატოვა.
ძირითადი წილისყრის შედეგებით ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე პირველ წრეში ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი გახდა. ბასილაშვილი და დიმიტროვი ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ - 2017 წელს დიმიტროვმა სოფიაში გამართული ტურნირის ნახევარფინალში ანგარიშით 6:1, 6:3 მოიგო.
კვირას გამართულ მატჩში ბასილაშვილი ბულგარელ ჩოგბურთელთან ორ სეტში დამარცხდა - 6:3, 2:0. მეორე სეტში ბასილაშვილმა მატჩის გაგრძელებაზე უარი თქვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონაკოს მასტერსის ძირითად ბადეში მეოთხედ ითამაშა და ოთხივეჯერ ტურნირის დატოვება პირველივე შეხვედრის შემდეგ მოუწია.
მიმდინარე სეზონში ბასილაშვილის მოგება/წაგების ბალანსია 3 მოგება და 11 წაგება.