თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. დასავლეთის ქვეყნების მიერ გადადგმული ნაბიჯები უკრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციასთან“ დაკავშირებით სახიფათო და პროვოკაციულია და შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება, განუცხადა რუსეთის ელჩმა ვაშინგტონში ანატოლი ანტონოვმა ამერიკულ გამოცემა Newsweek-ს.
„დასავლეთის სახელმწიფოები უშუალოდ არიან ჩართულნი მიმდინარე მოვლენებში, რადგან ისინი აგრძელებენ უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას, რითაც შემდგომი სისხლისღვრის პროვოცირებას ახდენენ“, - განაცხადა მან.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ „მინსკის შეთანხმებების სიკვდილი“ იყო შედეგი კიევის რეჟიმის ნაციონალისტური სიგიჟისა და რევანშისტული განწყობების, რომელმაც სწრაფი მილიტარიზაციის გზა აირჩია. ამავდროულად, ნატოს ქვეყნებმა დაიწყეს უკრაინის სამხედრო ათვისება და ის შეიარაღებით აავსეს, ხოლო პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბირთვული იარაღის შეძენის გეგმების შესახებ განაცხადა.
„ჩვენ ვაფრთხილებთ, რომ ასეთი ქმედებები საშიში და პროვოკაციულია, რადგან ისინი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული“, - განაცხადა ანტონოვმა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერმა აშშ და რუსეთი პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებამდე შეიძლება მიიყვანოს.
ელჩმა დასძინა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ნებისმიერი მიწოდება, სატრანსპორტო კოლონები რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე იქნება.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ მომენტამდე მიმდინარეობს. კრემლმა ამ შეზღუდვებს ეკონომიკური ომი უწოდა და განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებს საპასუხო ზომებს.