თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველო ისე აკონტროლებს რუსულ ტვირთებს, როგორც ამას ნახევარი მსოფლიო აკეთებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.
„მტკიცებულება შეიძლება წარადგინონ იმაზე, რაც მოხდა, მაგრამ რაც არ მოხდა, იმაზე მტკიცებულებას ვერ წარადგენ. ეს არის რეალობა. რუსულ ტვირთებს დღეს ნახევარი მსოფლიო ატარებს, როგორც აკონტროლებენ სხვები, ასევე ვაკონტროლებთ ჩვენც“, - განაცხადა კობახიძემ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოსგან „ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს ელოდება, რომ ისინი ამას არ აკეთებენ“.
უკრაინის პასუხად საქართველოს ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ეს უკრაინამ უნდა წარმოადგინოს საკუთარ ბრალდებებზე მტკიცებულებები, ან ბოდიში მოიხადოს. მათი თქმით, ბრალდებები აბსურდულია. თავის მხრივ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეახსენა უკრაინას, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცვლა რიგი საერთაშორისო შეთანხმებებით არის გათვალისწინებული.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების პირველივე დღიდან საქართველო უმკაცრესად აკონტროლებს საბაჟო–გამშვებ პუნქტებს ქვეყანაში და ამოწმებს ტვირთების შემოსვლასა და გასვლას.