თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოში დღეს, 9 აპრილს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და, ამავე დროს, ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.
საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან დღეს 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია დაარბიეს.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი განცხადებით, მთელი მსოფლიო შეძრა ტრაგედიამ, რომელმაც 21 ჩვენი თანამოქალაქე შეიწირა, მაგრამ ეს მსხვერპლი ამაო არ ყოფილა.
„ამ დღემ განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების მომავალი. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღიდგინა 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
მისი თქმით, ქართული საზოგადოება არასდროს დაივიწყებს, რომ დღევანდელი საქართველო სწორედ მათ მონაპოვარზე დგას. მისივე თქმით, ეს არის ქართველთა ერთობის, იმ ფასეულობათა საბოლოოდ გამარჯვების დღე, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ქმნიდა საქართველოს დიდ ისტორიას.
„გზა, რომელიც დამოუკიდებელმა საქართველომ გაიარა, გვასწავლის, რომ ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა კვლავაც 9 აპრილის იდეალების გარშემო ერთობას უნდა დაეფუძნოს“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, 9 აპრილის მონაპოვარს გაფრთხილება სჭირდება.
„პირველ რიგში, ეს არის ტრაგიკული დღე, რომელიც ყველას ძალიან მძიმედ გვახსოვს. გარდა ამისა, ეს დღე ჩვენ შეგვახსენებს, რამდენად ძვირფასია თავისუფლება და შეგვახსენებს იმას, რომ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური მოფრთხილება, თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური ზრუნვა. ჩვენი ვალია სწორედ ამ გმირების წინაშე, მათი ხსოვნის წინაშე, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს“, – განაცხადა კობახიძემ.
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო ასევე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
„ჩვენი მაგალითია ის, რომ 1989 წლის 9 აპრილს მოჰყვა 1991 წლის 9 აპრილი. ეს არის გამარჯვების მაგალითი. ეს არის იმის იმედი, რომ ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ის არის ღირსეული, თუ ის არის თავისუფლებისთვის. ჩვენ ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს...“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
უცხოელმა დიპლომატებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა.
1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული, ტრადიციულად, დაღუპულთა პატივსაცემად, რუსთაველის გამზირზე მოსახლეობა მიდის, მიაქვს ყვავილები, დაღუპულთა მემორიალს გვირგვინებით ამკობენ და სანთლებს უნთებენ მათ სულებს.