აფეთქება ღამის კლუბში: ბაქოში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

სისხლის სამართლის საქმის გამოძიება გრძელდება
Sputnik
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. აზერბაიჯანის დედაქალაქის ცენტრში ღამის კლუბში მომხდარი აფეთქების კიდევ ერთი მსხვერპლი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
აფეთქება 3 აპრილს, დილის 3 საათზე, საბაილის რაიონში, ღამის კლუბ Location-ში მოხდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაიღუპა ორი ადამიანი, დაშავდა 37, დაზიანდა 14 მანქანა, ერთი ბინა და ორი არასაცხოვრებელი ობიექტი.
აფეთქების ადგილი ბაქოში
წინასწარი ვერსიით, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა. აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გენერალურმა პროკურატურამ ამ საქმესთან დაკავშირებით სამი პირის დაკავების შესახებ განაცხადა.
„3 აპრილს ღამის კლუბში აფეთქების შედეგად დაშავებული გულბალა აბდულაევი კერძო სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო", - აღნიშნეს ტერიტორიული ერთეულების სამედიცინო მართვის სამმართველოს (TƏBİB) პრესსამსახურში.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
წყარო - Sputnik-აზერბაიჯანი.