9 აპრილთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
Sputnik
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 1989 წლის 9 აპრილის მონაწილე უსინათლო მომღერალი ლელა ვეფხვაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა, ხოლო პოეტ მიხა ხელაშვილს სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
საქართველოში დღეს, 9 აპრილს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და, ამავე დროს, ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილმა მიღება გამართა.
„საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ქვეყნის წინაშე უდიდესი ღვაწლისა და სამშობლოსათვის თავგანწირვისათვის ჯილდოვდება მიხა ხელაშვილი და მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უსინათლო მომღერალი ლელა ვეფხვაძე 1989 წლის 9 აპრილის მონაწილეა. „დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს…“ – ამ სიმღერით ლელა ვეფხვაძე, სხვა უსინათლოებთან ერთად, 9 აპრილის მოვლენების სიმბოლო გახდა.
მიხა ხელაშვილი
ქართველი სახალხო პოეტი, მიხა ხელაშვილი 1900 წლის 25 იანვარს დაიბადა დუშეთის მუნიციპალიტეტში. ავტორია პოპულარული ლექსისა „ლექსო ამოგთქომ ოხერო“, რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხელაშვილის მშობლიურ ფშავში. 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში. გავრცელებული ვერსიით საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლეს საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობრებმა: ლევან გარსევანიშვილმა, ლუკა მარცვალაშვილმა და ვახტანგ რაზიკაშვილმა. სხვა ვერსიით დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს. დაკრძალულია ჩარგლის სოფლის სასაფლაოზე.
საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან, 9 აპრილიდან დღეს 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია დაარბიეს.
1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული, ტრადიციულად, დაღუპულთა პატივსაცემად, რუსთაველის გამზირზე მოსახლეობა მიდის, მიაქვს ყვავილები, დაღუპულთა მემორიალს გვირგვინებით ამკობენ და სანთლებს უნთებენ მათ სულებს.
წყარო - „პირველი არხი“.