თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. 2022 წლის მარტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის 88% შეადგინა, იტყობინება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
გაერთიანების ინფორმაციით, პანდემიის პირობებში ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.
2022 წლის მარტში აეროპორტი მოემსახურა 46.735 მგზავრს, ხოლო 2019 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 53.316-ს შეადგენდა.
მგზავრთნაკადის გარდა, დადებითი დინამიკა შეიმჩნევა ავიარეისების აღდგენის კუთხით. მარტში აეროპორტში რეისების 120% აღდგა და აეროპორტი 220რეისს მოემსახურა (2019 წლის იანვარში იყო 185რეისი).
ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს.
კორონავირუსის პანდემიამდე ტურიზმის როლი საქართველოს ეკონომიკაში 10%-ს შეადგენდა, ამიტომაც მისი აღდგენა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
საერთაშორისო ავიამიმოსვლა საქართველომ 2021 წლის 1 თებერვლიდან აღადგინა.