თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მოტივირებულია უფრო ინტენსიურად გააგრძელოს მუშაობა ეკონომიკის ზრდის ტემპების შენარჩუნებისთვის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პროცესი სწრაფი ტემპებით გრძელდება. 2022 წლის თებერვალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,6% შეადგინა, იანვარი–თებერვალში საშუალო მაჩვენებელი 16,3% იყო.
„აუცილებელია ამ ტემპების შენარჩუნება, მთელი მთავრობა მოტივირებულია, რომ მუშაობა მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ და ვფიქრობ, რომ წელსაც ძალიან წარმატებული წელი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ძალზე დამაიმედებელია.
„ჩვენ ახლა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, მშენებლობა გვჭირდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს ძალიან საიმედო. იანვარი–თებერვალში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დამაიმედებელია ჩვენთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც აისახება პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა. წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა.