თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. თბილისის ილია ვეკუას სახელობის №42 ფიზიკა–მათემატიკური სკოლის მოსწავლემ ნენე ჟვანიამ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში – ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსება მიიღო.
სკოლის ადმინისტრაცია ჟვანიას ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოსწავლეს უწოდებს. ის ნორჩი ნატურალისტების ეროვნული ტურნირის ოქროსა და ბრინჯაოს მედლის, ასევე ნორჩი ფიზიკოსების ტურნირის ვერცხლის მედლის მფლობელია.
ჰარვარდში ნენე ჟვანიას სწავლის დაფინანსება 340 ათას დოლარს შეადგენს. ის უკვე ჩაირიცხა ჰარვარდში და სწავლას შემდეგი სასწავლო წლიდან დაიწყებს.
ნენემ არჩევანი ფიზიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სპეციალობებზე შეაჩერა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჰარვარდი ამერიკის ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი არ ყოფილა, რომელმაც ჟვანიას სწავლის დაფინანსება შესთავაზა. დადებითი პასუხები მან მიიღო აგრეთვე როჯერ უილიამსის (RWU) კოლეჯიდან და კორნელის უნივერსიტეტიდან (Cornell University).