მსოფლიო დღეს

FAO: სურსათზე მსოფლიო ფასები რეკორდულად გაიზარდა

Sputnik
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. მარტში სურსათზე მსოფლიო ფასები 12,6%-ით გაიზარდა და 1990 წლის შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, იუწყება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).
„FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი მარტში საშუალოდ 159,3 იყო, რაც 12,6%-ით მეტია თებერვალთან შედარებით, როდესაც ის უკვე იყო ინდექსის შექმნის ისტორიაში (1990 წლის შემდეგ) უმაღლეს დონეზე“, — ნათქვამია პრეს-რელიზში.
FAO მსოფლიო ფასების მნიშვნელოვან ზრდას უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკავშირებს.

„შავი ზღვის რეგიონში სამხედრო აქტივობამ გამოიწვია მთელი რიგი შოკები მარცვლეულისა და მცენარეული ზეთების ძირითად ბაზრებზე. რუსეთსა და უკრაინაზე ხორბლის მსოფლიო ექსპორტის დაახლოებით 30%, ხოლო მსოფლიო სიმინდის ექსპორტის 20% მოდიოდა“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, ორგანიზაციის ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი რეკორდული 23,2%-ით გაიზარდა, რაც უკრაინიდან მიწოდების გართულებითაა გამოწვეული. სწორედ უკრაინაა მსოფლიოში ზეთის წამყვანი ექსპორტიორი.