თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველო ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით კითხვარის გადმოცემას მომავალ კვირაში ელოდება, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარი ნარჩემაშვილმა.
საქართველო აღნიშნული განაცხადის შეტანას 2024 წელს გეგმავდა, მაგრამ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება გადაწყვიტა.
„ის ფაქტი, რომ საქართველო, ასოცირებულ ქვეყნებთან ერთად, ასე მოკლე ვადაში იღებს გაწევრიანების კითხვარს, არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ინტეგრაციული პროცესის მხარდაჭერის დასტური და ქვეყნის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების აღიარება“, – განაცხადა ნარჩემაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, საქართველო აქტიურად ემზადება წევრობის განაცხადის შემდგომი პროცედურისთვის.
როგორც ნარჩემაშვილმა აღნიშნა, 1 აპრილს გაიმართა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. კომისიას, მათ შორის, დაევალა კითხვარის შევსების პროცესის ეფექტიანი კოორდინაცია.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო წარმატებით გაართმევს თავს ამ პროცესს“, – აღნიშნა მან.
უკრაინამ უკვე გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
ამის შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირს მოუწოდა, „საგანგებო წესით“ განიხილოს განაცხადი და საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.