თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ზაფხულის სეზონზე საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების რაოდენობის ზრდას ელოდება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
2021 წელს საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებდა 40 საერთაშორისო ავიაკომპანია, რეგულარული და არარეგულარული რეისებით მათ დაახლოებით 2,5 მილიონი მგზავრი გადაიყვანეს. 2019 წელს, კორონავირუსის პანდემიამდე, რამაც ფრენების შეჩერება გამოიწვია, ავიაბაზარზე 46 ავიაკომპანია ოპერირებდა, ხოლო მგზავრების რაოდენობა 5,2 მილიონს აღწევდა.
„ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიების მიმართვიანობა ძალიან გაიზარდა. განსაკუთრებით ბევრი განაცხადია ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან“, – განუცხადა ჟურნალისტებს ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, რეისების და მიმართულებების რაოდენობა ტურიზმის ზრდის კუთხით დადებით მოლოდინებს ქმნის.
ქვრივიშვილის განცხადებით, 2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენის განრიგის თანახმად, ამ ეტაპისთვის წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, ფრენებს 34 ავიაკომპანია 30 ქვეყნის 70 მიმართულებით შეასრულებს.
აეროპორტების გახსნამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა საერთო რაოდენობაზე. 2021 წელს საერთაშორისო მოგზაურების მიერ სულ 1,8 მილიონი ვიზიტი განხორციელდა, საიდანაც 51% საქართველოს აეროპორტების გავლით განხორციელდა.