მალტაში ქართული კულტურის დღეები გაიმართება

არქიტექტურა, მუსიკა, ღვინო და მხატვრობა – საქართველო კუნძულის მცხოვრებლებს თავისი კულტურის ყველაზე საინტერესო მხარეებს წარუდგენს.
Sputnik
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. კუნძულ მალტაზე 8–15 აპრილს ქართული კულტურის დღეები გაიმართება.
კუნძულის მცხოვრებლები ქართული კულტურის გაცნობას უფრო ახლოს შეძლებენ – კულტურის დღეების ფარგლებში მრავალი სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ საქართველოს და მალტის არქიტექტურის პრეზენტაციას, დააგემოვნონ ქართული პროდუქტები, მათ შორის ღვინო, ასევე გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მარშრუტებს და მოუსმინონ ქართულ მუსიკას.

ორგანიზატორები აანონსებენ საქართველოს მწერალთა კავშირისა და აჭარის მწერალთა სახლის წარმომადგენლების, ქართველი პოეტების შეხვედრას ქართველ ემიგრანტებთან.
ასევე შესაძლებელი იქნება ქართველი და მალტელი მხატვრების ერთობლივი გამოფენის მონახულებაც. საქართველოს სახელით მასში მონაწილოებას მიიღებენ ივანე კეზუა, თეა ჯაფარიძე, ნინო დარჩიაშვილი, ნინო ჭეიშვილი, შოთა მაღლაკელიძე.
ორგანიზატორების ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები მალტის მუნიციპალიტეტში და დამეგობრების მემორანდუმის გაფორმება.