თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის მწვავე ფაზა დასასრულისკენ მიდის, რაც ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიძლება 2022 წელი პანდემიის დასრულების წლად გამოაცხადოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
ეპიდემიოლოგმა მნიშვნელოვანი უწოდა იმ ფაქტს, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში პირველად საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, ყველა პროგნოზით, რომელსაც წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტები აკეთებენ, ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემია არ გამოცხადებულა დასრულებულად, მაგრამ მისი მწვავე ფაზა, როგორც სტრატეგიულ დოკუმენტშია ნათქვამი, სრულდება. დიდი ალბათობით, თუ რამე ექსტრაორდინარული არ მოხდა, წელს ჯანმო პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს“, – განაცხადა გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
კორონავირუსული ინფექცია, რომელსაც მოგვიანებით COVID-19 ეწოდა, პირველად 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა ცენტრალურ ჩინეთში. 2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ის პანდემიად გამოაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.