„ევროვიზია-2022“: საქართველოს წარმომადგენელი Circus Mircus ისრაელში წვეულებაზე წარდგება

წლევანდელ წვეულებაზე Israel Calling მონაწილეობას მიიღებს 24 არტისტი, მათ შორის Circus Mircus.
Sputnik
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე „ევროვიზია-2022“, ჯგუფი Circus Mircus წარდგება წვეულებაზე Israel Calling, სადაც საერთაშორისო სიმღერის კონკურსის სხვა მონაწილეებიც იმღერებენ.
Israel Calling არის ე.წ. Pre-Party, რომელიც იმართება კონკურსის მონაწილეთა თავმოყრის მიზნით. მსგავსი ღონისძიებები მონაწილეებისთვის სხვა ქვეყნებში საკუთარი თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობაა „ევროვიზიის“ დაწყებამდე.
წლევანდელ წვეულებაზე Israel Calling მონაწილეობას მიიღებს 24 არტისტი, მათ შორის Circus Mircus. ქართული ჯგუფი მე-19 ნომრად იმღერებს. წარმოდგენის ნახვა შესაძლებელი იქნება პირდაპირ ეთერში 21:30 საათზე.
„ევროვიია-2022“-ის ქართველი კონკურსანტი Circus Mircus
Circus Mircus-ის წევრები აქტიურად ემზადებიან კონკურსისთვის და უკვე წარადგინეს კლიპი სიმღერაზე Lock Me In. მთავარ როლში უტა ბექაია გვევლინება, რომელიც კლოუნის კოსტიუმში ცირკის არენაზე მღერის. მასთან ერთად ჩნდებიან საცირკო თემატიკის სხვა პერსონაჟებიც.
იტალიამ უკვე ორჯერ უმასპინძლა „ევროვიზიის“ კონკურსს – ნეაპოლში (1965) და რომში (1991). ამჯერად კი „ევროვიზიის“ მასპინძლობის უფლება ქალაქმა ტურინმა მოიპოვა – 2021 წლის მაისში როტერდამში იტალიური ჯგუფი Maneskin-ის გამარჯვების წყალობით (სიმღერა Zitti e Buoni).
წელს „ევროვიზიის“ რიგით 66-ე კონკურსში, რომელსაც ტურინი მასპინძლობს, 41 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. მასშტაბური შოუ ტურინში 10, 12 და 14 მაისს ჩატარდება.
გასულ წელს კონკურსზე წარდგა თორნიკე ყიფიანი სიმღერით You. სამწუხაროდ, შემსრულებელი ფინალში ვერ გავიდა.