თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო 7 აპრილს მგზავრებს ვერ მოემსახურება, ნათქვამია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიზეზი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული გეგმური სამუშაოებია.
გავრცელებული ინფორმაციით, საბაგირო გზა მგზავრთა მიღებას განაახლებს 8 აპრილს, დადგენილი სამუშაო განრიგით – 08:00-დან 20:00 საათამდე.
კომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს დისკომფორტისა და შეფერხებისთვის.
უნივერსიტეტი–ბაგების საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან აკავშირებს, 320 მეტრს შეადგენს და მასზე მოძრავ თითო გონდოლას 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. ერთი საათის განმავლობაში საბაგირო ცალმხრივი მოძრაობისას 600 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს, მგზავრობის ხანგრძლივობა კი ოთხ წუთს არ აღემატება.
მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგირო გზის აღდგენითი სამუშაოები სამშენებლო კომპანია „საქსპეცტრანსმა" 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2017 წელს დაასრულა, თუმცა, მაშინ არ ამოქმედებულა. საბაგირო მოქალაქეებს გასული წლის აპრილიდან ემსახურება.