სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარადგინა

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვის მიზნით ყოველდღიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
Sputnik
თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 25,6 ათასზე მეტი შემოწმება ჩაატარა, რის შედეგადაც გამოავლინა 2,4 ათასი სამართალდარღვევა, იუწყება სააგენტოს პრესსამსახური.
მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვის მიზნით სურსათის სააგენტო ყოველდღიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
„მონიტორინგის ფარგლებში, აღებულია სურსათის/სასმელი წყლის 3884 ნიმუში/სინჯი“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული შედეგები თაფლში ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენების (101 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა 3 ნიმუშში), სუნელ-სანელებლებში ტყვიის შემცველობის (761 ნიმუშიდან ტყვიის შემცველობა არ გამოვლენილა არც ერთში) და არაცხოველურ სურსათში სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობის (არც ერთ ნიმუშში სუდანის შემცველობა არ გამოვლენილა) მხრივ.
2021 წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდა 6,4 მილიონზე მეტი ვეტერინარული მანიპულაცია, მათ შორის, ვაქცინაცია და ლაბორატორიული კვლევები, იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია, პირუტყვის სეზონური გადარეკვისას გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ დამუშავება.
ცხვრის ფარა შატილში
ვეტერინარული კონტროლის ფარგლებში, 2021 წელს პირველად შემოწმდა ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ყველა ვეტერინარული ობიექტი, სახელმწიფო კონტროლი 1042 ობიექტში განხორციელდა, გამოვლინდა 144 სამართალდარღვევა. ლაბორატორიულად გამოკვლეული 196 ვეტერინარული პრეპარატიდან დარღვევა არც ერთში არ გამოვლენილა.
მცენარეთა დაცვის მიზნით, აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგოდ დამუშავდა 120 ათასი ჰა ფართობი, კახეთის რეგიონში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ - 1300 ჰა ფართობი, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში სიმინდის ხვატარის წინააღმდეგ - 24.500 ჰა ფართობი, კახეთის რეგიონში კოღოების წინააღმდეგ დამუშავებულია 6.840 ჰა ფართობი.
სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ჩატარდა 33 მუნიციპალიტეტში - დამონტაჟდა 6000 ფერომონიანი დამჭერი და 43.260 ერთეული ფერომონი, დამუშავდა 186 ათას ჰექტრამდე ფართობი. 2021 წელს გატარებული ღონისძიებების შედეგად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის ხარისხი და საექსპორტო პოტენციალი, აზიური ფაროსანას რაოდენობა შემცირდა, გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა.
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლის მიზნით, 2021 წელს აღებულია 382 ნიმუში, მათ შორის 332 პესტიციდი და 50 აგროქიმიკატი. ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 700-მდე აღიარებული სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტი.
Установка для борьбы с мраморными клопами
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შედეგად, სულ გამოვლინდა 157 სამართალდარღვევა, მათ შორის მარკირების წესის, რეალიზაციის წესის, შენახვის პირობების დარღვევა, ვადაგასული პესტიციდის რეალიზაცია და სხვა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში პარლამენტის წევრებს სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ და მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ მესხმა წარუდგინეს.
აღინიშნა, რომ 2021 წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციის მიმართულებით - ქართული სასურსათო დანიშნულების ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის ექსპორტისთვის გაიხსნა იორდანიის ბაზარი, ხოლო ევროკავშირმა სასურსათო დანიშნულების ლოკოკინას ექსპორტი დაუშვა.
ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა საკუთარ საზღვარზე საქართველოდან ექსპორტირებული თხილის შემოწმების სიხშირე 100%-დან 20%-მდე შეამცირა.