თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სამ თვეში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა–რეალიზაციის 575 ფაქტი გამოავლინეს.
სამსახურის ცნობით, 1 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში ამოღებულია 34.588 კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი და 90 კილოგრამამდე თამბაქო.
ყველა გამოვლენილი ფაქტიდან 419 – ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, სამი – სისხლის სამართლის დანაშაულია, დანარჩენი 153 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად, რეალიზატორებმა მიიღეს გაფრთხილება და შედგა ამოღების ოქმები.
საქართველოში სიგარეტის კონტრაბანდამ მნიშვნელოვანი მასშტაბები 2019 წლის შემდეგ შეიძინა, როდესაც ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონების გამო სიგარეტისა და თამბაქოს ფასები მკვეთრად გაიზარდა.
მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.