მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გავლენა კრედიტებზე - ბოლო მონაცემები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 10,5-დან 11 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
Sputnik
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოში მცურავი საპროცენტო განაკვეთის მქონე 191,8 ათასი კრედიტი გაძვირდა რეფინანსირების განაკვეთის 11%-მდე გაზრდის გამო, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 30 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 10,5%-დან 11%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შედეგად გაძვირდა 8,6 მლრდ ლარის თანხის 191,8 ათასი კრედიტი. 1 მარტის მდგომარეობით, კრედიტები ლარში მცურავი განაკვეთით შეადგენდა მთლიანი საკრედიტო პორტფელის 40,5%-ს.
„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ამჟამინდელი გადაწყვეტილება ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების წინააღმდეგ მიმართული გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ეკონომიკაზე მოქმედი შიდა და გარე ფაქტორების ერთობლივი ეფექტითაა გამოწვეული“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
რა კრედიტები გაძვირდა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გამო

კრედიტის სახე

კრედიტების რაოდენობა

მოცულობა, მლნ ლარი

სამომხმარებლო

84.900

1.182

იპოთეკური

67.000

2.927

ბიზნეს–კრედიტი

36.200

4.335

ავტოკრედიტი

700

17

გაურკვეველი დანიშნულების

3.000

89