მინისტრი: საქართველოში სასაზღვრო კონტროლი მაღალ დონეზეა

ლევან დავითაშვილის სიტყვებით, სტრატეგიულ მეგობრებს „ცოტა მეტი ყურადღება და პატივისცემა მოეთხოვებათ“.
Sputnik
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოში სასაზღვრო კონტროლი ძალიან მაღალ დონეზეა და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შეუძლია ნახოს, როგორ მუშაობს ჩვენი სისტემა. აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა კი მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.

„საქართველოს ხელისუფლება არის მზად და გახსნილი ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის, ნებისმიერი დაინტერესებული ქვეყნისთვის, რათა მათ ნახონ, როგორ მუშაობს ჩვენი სისტემა, თვითონ დარწმუნდნენ, რომ უსაფუძვლოა ყველა ის განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ. ეს არის ქართული სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, სტრატეგიულ მეგობრებს „ცოტა მეტი ყურადღება და პატივისცემა მოეთხოვებათ“, რათა კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებული განცხადებები გააკეთონ.
„მგონი არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოება, არამედ, რამდენადაც ეს იყო საერთაშორისო განცხადება, საერთაშორისო თანამეგობრობა და საზოგადოება დაელოდება და ელოდება კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომ ისევ და ისევ განცხადების ავტორების რეპუტაცია იყოს შენარჩუნებული“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავითაშვილმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის კვალდაკვალ განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. მისი თქმით, უკრაინა საქართველოსგან ელოდება „ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს, რომ ამას არ აკეთებს“.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ ბრალდების პასუხად უკრაინას მოუწოდა, წარმოადგინოს მტკიცებულებები საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდული საქონლის შეტანასთან დაკავშირებით. უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული ქმედება განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია.
სუსმა უკრაინულ მხარეს შეახსენა ასევე, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცვლა გათვალისწინებულია რიგი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ბრალდებას „დაუსაბუთებელი და აბსურდული“ უწოდეს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი.