თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. დედაქალაქის მერი კახა კალაძე მომავალში თბილისის ქუჩებში ტრამვაის დაბრუნებას არ გამორიცხავს.
როგორც მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დედაქალაქში ტრამვაის გაუქმება „ძალიან სამწუხარო და ცუდია“.
„დღეს ტრამვაის აღდგენა და ამ პროექტის განხორციელება ასობით მილიონი ევრო ჯდება, რაც ძალიან მძიმე ტვირთი იქნება ქალაქისთვის, თუმცა სამომავლოდ, ვნახოთ, ყველაფერი არის შესაძლებელი“, – განაცხადა კალაძემ.
პირველი ტრამვაი თბილისში 1904 წელს გამოჩნდა. ტრანსპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით პოპულარული 1930–1940-იან წლებში იყო.
ტრამვაიმ თბილისში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა – 194 მლნ ადამიანი 1940 წელს გადაიყვანა. მგზავრებს ეს ტრანსპორტი 2006 წლამდე ემსახურებოდა. მას შემდეგ ის მთლიანად ავტობუსებმა და მეტრომ ჩაანაცვლა.