საქართველოს სარესტორნო ბიზნესი კადრების დეფიციტზე ალაპარაკდა

თუ პრობლემა არ აღმოიფხვრება, რესტორნები დარჩენილ პერსონალსაც დაკარგავენ და მომხმარებლებს ვეღარ მოემსახურებიან, აცხადებენ ასოციაციაში.
Sputnik
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოს სარესტორნო ბიზნესში კადრების ნაკლებობაა, პრობლემა კი გადასახადებშია, განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ.
სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სფეროა პანდემიის დროს, როდესაც კვების ობიექტებს მხოლოდ გატანაზე ვაჭრობა შეეძლოთ და მათ პრაქტიკულად მთელი მომსახურე პერსონალის გათავისუფლება მოუწიათ.

„სარესტორნო სფერო ეძებს ადამიანებს, რომლებსაც ამ სფეროში დასაქმების სურვილი ექნებოდათ. მაგრამ ახლა არსებობს პრობლემა და მისი მოგვარება მხოლოდ საგადასახადო ვალდებულებების გადახედვით შეიძლება... ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს (სახელმწიფოსთან) და იმედია, რომ შედეგს მივაღწევთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბურჯანაძემ.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ პრობლემა არ მოგვარდება, რესტორნები დარჩენილ პერსონალსაც დაკარგავენ და მომხმარებლებს ვერ მოემსახურებიან.
ბურჯანაძეს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის პრობლემები აქვთ რესტორნებს გადასახადებთან დაკავშირებით.