თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა თოვლის და უამინდობის გამო დაწესდა.
მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
გარდა ამისა, თოვლის გამო აიკრძალა ტრაილერების მოძრაობა საჩხერე–ონის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი