საქართველოს ეკონომიკის მინისტრი: „ნამახვანჰესის“ პროექტი უნდა განხორციელდეს სწორად

კომუნიკაციის არარსებობამ, მათ შორის ინვესტორის მხრიდან, ზოგიერთი ჯგუფის გადამეტებულმა ქმედებებმა, უარყოფითი გავლენა მოახდინა პროექტის გაგრძელებაზე, მიიჩნევს ლევან დავითაშვილი.
Sputnik
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის" მშენებლობის პროექტის გაჭიანურებაში დამნაშავე ბევრი მხარეა, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
თურქულმა კომპანიამ Enka Renewables LLC საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი 2022 წლის მარტის ბოლოს ოფიციალურად გაწყვიტა. ამის მიზეზად მთავრობის მხრიდან არებული ვალდებულებების არშესრულება და ფორსმაჟორული გარემოებები დასახელდა.

„თუმცა ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს და განხორციელდეს სწორად. მოხდეს მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ამ პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე იყო ბევრი მსჯელობა და ბევრ კითხვას პასუხი გაეცა. ამიტომ ამაზე ბევრი საუბარი არაა საჭირო. ყველაზე მეტად საჭიროა ქმედებები“, – განაცხადა მინისტრმა.

თურქულმა კომპანია ЕNKA-მ 2021 წლის სექტემბერში საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ერთ თვეში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებდა, იანვარში კი საქართველოში თავისი ოფისები დახურა. „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს ერთბაშად ორი ახალი ჰიდროელექტროსადგური ექნებოდა (333 მგვტ და 100 მგვტ სიმძლავრის).
პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოება 15%-ით უნდა გაზრდილიყო. კასკადის მშენებლობაში 830 მილიონი დოლარის ინვესტიცია იგეგმებოდა.
საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობის აგება ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიაზე იგეგმებოდა.
რატომ ვერ იტყვის საქართველო უარს ნამახვანჰესზე - დავით ნარმანია
პროექტით „ნამახვანჰესი“ ორი ჰესის კასკადისგან უნდა შედგებოდეს: ერთის ფართობი 1 კვ.კმ, მეორის – 5,1 კვ.კმ-ია. კასკადის მეშვეობით დარეგულირდებოდა წყლის დონე, რათა ხეობაში თავიდან აცილებულიყო წყალდიდობა.
ჰესის მშენებლობამ რიონის ხეობაში პროტესტი გამოიწვია. 2021 წელს საპროტესტო აქციების ტალღამ საქართველოს ქალაქები მოიცვა და თბილისამდე მოაღწია. ჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ პროექტი რეგიონის ეკოლოგიას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა. მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ პროტესტის მასშტაბები დროდადრო ცხრებოდა, თუმცა რამდენიმე აქტივისტი ამ დრომდე რჩება მდინარე რიონის ხეობაში გაშლილ კარვებში.