თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. კვერცხი ძალიან პოპულარული პროდუქტია, ზოგი მას პრაქტიკულად ყოველდღე მიირთმევს — შემწვარს ან მოხარშულს, თუმცა შესაძლოა წარმოდგენაც არ ჰქონდეს, რომ არასწორად მოხარშული კვერცხი სერიოზულ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას, წერს უდიდესი ჩინური საინფორმაციო ბრენდი Sohu სპეციალისტებზე დაყრდნობით.
ექსპერტების თქმით, ძალიან მაგრად მოხარშული კვერცხი მავნებელია, თუმცა კიდევ უფრო ცუდია თოხლოდ მოხარშული, რომელზეც ჯობს საერთოდ უარი თქვათ, ვინაიდან შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიშ ბაქტერიებს შეიცავდეს და მოწამლოს კიდეც ადამიანი.
რაც შეეხება ხანგრძლივ თბოდამუშავებას, ზოგჯერ ადამიანებს შეცდომით მიაჩნიათ, რომ რაც უფრო დიდხანს იხარშება პროდუქტი, მით უფრო რბილდება, ადვილად გადასამუშავებელი ხდება და, რაც მთავარია, მასში შემავალი ყველა ბაქტერიაც კვდება.
მაგრამ სინამდვილეში პროდუქტის ძალიან დიდხანს თერმოდამუშავება ცუდია. მეცნიერები კატეგორიულად გვაფრთხილებენ, რომ „გადახარშული“ კვერცხის ჭამა სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.
რატომ?
სწავლულები განმარტავენ: როდესაც კვერცხი თბოდამუშავებას გადის, იწყება გოგირდწყალბადის გამოყოფა. ეს კი ტოქსიკური გაზია. ალბათ შეგინიშნავთ კიდეც, რომ დიდხანს ნახარშ კვერცხის გულს მომწვანო ფერი დაჰკრავს ზემოდან.
დაიმახსოვრეთ: ასეთი კვერცხის ჭამა დაუშვებელია! – შეიძლება მოიწამლოთ!
საქმე ისაა, რომ ხარშვისას ცილაში წარმოქმნილი გოგირდწყალბადი, გახურების კვალდაკვალ, კვერცხის გულში აღწევს, რომელიც, თავის მხრივ, რკინას შეიცავს. და როდესაც გოგირდწყალბადი და რკინა ერთმანეთს ხვდება, წარმოიქმნება რკინის სულფიდი, რაც აძლევს კიდეც კვერცხის გულს მომწვანო ფერს.
რაც უფრო დიდხანს იხარშება კვერცხი, მით უფრო მეტი სულფიდები წარმოიქმნება და მით უფრო სქელდება მწვანე ფენა კვერცხის გულზე.
სხვათა შორის, გამოცდილი დიასახლისების ჩვევას, მოხარშული კვერცხი ცივ წყალს შეუდგან, ექსპერტები ამართლებენ. მათი თქმით, ასე კვერცხი მალე დაკარგავს შენარჩუნებულ სიმხურვალეს, გაცივდება და აღარ „ჩაიხარშება“.